დილის 6 საათია... ცენტრალურ საკათედრო ტაძართან შევიკრობეთ, უფალს მშვიდობიანი დღე შევსთხოვეთ და დაიწყო ჩვენი მოგზაურობა მარშრუტით:ფოთი-ბორჯომი- ვარძია!
სასიამოვნო დილა იყო...ისე გავიარეთ საკმაოდ დიდი მანძილი დაღლა არ გვიგრძნია... 12 საათისათვის საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალი, ასი მეტრის სიმაღლის კლდეში, ხუთასი მეტრის სიგრძეზე,გამოჩნდა კულტურის შესანიშნავი ძეგლი კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქი ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ფერდობებზე შეფენილიყო უამრავი მნახველი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხოელი ტურისტები.
ვარძიის მონასტერი მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. კომპლექსი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3-დან 13-მდეა. მასში 600-ზე მეტი სათავსია. აქ არის სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით.მისი მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად წარმოგვიდგინა.
ლეგენდა მოგვითხრობს “მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა “აქ ვარ ძია!”, და დაერქვა ამ ადგილს "ვარძია”.
ვარძია - ლეგენდარული თამარის საყვარელი რეზიდენცია იყო. მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა. უნიკალურია სათათბირო დარბაზების აკუსტიკური სისტემა. ვარძია ამავე დროს ძლიერი ციხე-სიმაგრის როლსაც თამაშობდა. იგი ფხიზელ გუშაგად იდგა მტკვრის ხეობის სამხრეთიდან მომავალ გზაზე.
ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების "ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აკურთხეს 1185 წლის 15 აგვისტოს, ტაძრის მაშენებელმა, ერისთავთ-ერისთავმა რატი სურამელმა ტაძრის მოსახატად ნიჭიერი მხატვარი გიორგი მოიწვია, ფერმწერთა ჯგუფით. გიორგის სახელი მიმალულია საკურთხევლის კონქის მხატვრობაში, ღვთისმშობლის გამოსახულების ქვემოთ. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტიდან ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სსვა. აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის პორტრეტი საქართველოში ვარძიის გარდა მხოლოდ სამგან გვხვდება (ყინწვისი, ბეთანია, ბერთუბანი).
XIII - XIV საუკუნეთა მიჯნაზე აშენებული სამრეკლო, შემკული ორნამენტებით. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურული ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. სათავსოს დასამშვენებლად გამოყენებული ყოფილა გამომწვარი თიხის მოჭიქული ფერადი ფილები.
ვარძიაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე იოანე შავთელი, რომელმაც აქ შექმნა ”გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი.”
ვარძია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურულ ძეგლთა სიაში, როგორც ერთერთი უნიკალური ქვაში ნაკვეთი ქალაქი.
სამი საათისათვის გეზი ავიღეთ ზემო ვარძიისაკენ...ზემო ვარძიის დედათა მონასტერში არსებული ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და თარიღდება 9-11 საუკუნით. აშენებულია ლიპარიტ ბაღვაშის საგვარეულოს მიერ. მონასტერი წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, მესამე არის ღია, თავისუფალი. ტაძარი საუკუნეების განმავლობაში დაკეტილი იყო. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში აღადგინეს, გადახურეს და 1998 წელს გაიხსნა მეუფე ნიკოლოზის თაოსნობით. 1999 წელს როცა ეპარქია ჩაებარა მეუფე თეოდორეს, მონასტერში დაინიშნა იღუმენი ანტონი, რომელმაც გააგრძელა მეუფე ნიკოლოზის ტრადიცია. ტაძარში წირვა-ლოცვა სრულდება 1998-99 წლებიდან, როცა დაარსდა დედათა მონასტერი . იღუმენ ანტონს აბარია მონასტერში მორჩილთა სულიერი ცხოვრება. იგი არის სულიერი მწყემსი და ყოველ შაბათ-კვირას აღავლენს წირვა-ლოცვას.
საინტერესოა მორჩილთა სამონასტრო ცხოვრება. დილა იწყება ლოცვით, შემდგომ ყველა წევრი აღასრულებს მორჩილებას თავისი სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით: კერავს, ქარგავს, პურს აცხობს, საქონელს უვლის. ტრაპეზი გრძელდება 20 წუთი. ამ დროს კითხულობენ წმინდანთა ცხოვრებას, შვიდ საათამდე ისვენებენ და დროს იყენებენ პირადი საჭიროებისათვის. საღამოს შვიდ საათზე კითხულობენ დაუჯდომელს, მას შემდეგ ,რაც ტაძარში დააბრძანეს წმინდა ნიკოლოზის მირონდენადი ხატი. ეს ხატი ინახებოდა ზესტაფონში, ერთერთ ოჯახში და უფლის ნებით იგი ოჯახმა შესწირა ტაძარს. როდესაც მანქანით სიწმინდეს მოაბრძანებდნენ, ახალგაზრდებმა სიგარეტი მოსწიეს, რამდენიმე წუთის შემდეგ უცხო სუნი იგრძნეს და ნახეს ხატი სულ დასველებულიყო, შიშით სიგარეტი სასწრაფოდ ჩააქრეს.
მონასტერში მამებიც ცხოვრობენ. აქვთ საკუთარი მეურნეობა: თაფლი, რძე, მოყავთ ბოსტნეული, მოწყობილი აქვთ საკალმახე.
საღამოს ათ საათზე იძინებენ .
მონასტრიდან დავეშვით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და გავემართეთ ვანის ქვაბების- გამოქვაბული კომპლექსისაკენ. უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, VIII საუკუნეს არ გადმოშორდება. იგი დღემდეა დაცული. IX-XI სს. ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება - უდაბნოს ცენტრში წმ. გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს. 1089 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნის მანძილზე, 1191 წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერია. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. 1186-1191 წლებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბების 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. 1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი "ვაჰანის ქვაბთა განგება", 1265-1283 წლებს შორის ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 წელს მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა.
XIV-XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა. ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. კომპლექსის ცენტრია წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. . შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახლით და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიაც. გამოქვაბულთა ბოლო სართულზე, კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, რომლის კელდებზე შემორჩენილია XV საუკუნის II ნახევარში შეხიზნული ქალების მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები. წარწერების ავტორები არიან გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვა. წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი აქ იძულებით მოუყვანიათ და ემდურიან თავის ბედს. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მწერლობის ისტორიისათვის. მათ შემოინახეს ქართული ლირიკული პოეზიის, "ვეფხისტყაოსნისა" და "როსტომიანის" სტროფთა უძველესი ნიმუშები. წარწერების მიხედვით ვეცნობით XV საუკუნის ქართველი საზოგადოების ლიტერატურის გემოვნებასა და კულტურის დონეს.
ხერთვისი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, ზღვის დონიდან 1126 მეტრზე მაღალ კლდოვან მთაზე. ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.
მემატიანე ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს
ციხე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა აგებული. ხერთვისის ციხე ციტადელისა და გალავნისაგან შედგება. ციტადელი კლდის ვიწრო თხემს მიუყვება და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან საკმაოდ მიუდგომელია. ციტადელის შიდა ტერიტორია ბურჯებიანი ზღუდითაა შემოვლებული და რამდენიმე მონაკვეთად იყოფა. ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი. სამხრეთიდან და ნაწილობრივ აღმოსავლეთიდან ციხეს აკრავს გალავანი, ჩრდილო-დასავლეთით კი არის წყალზე ჩასასვლელი გვირაბი.
მწვანე მონასტერი , IX საუკუნის ეს ძეგლი მეცნიერთა აზრით ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და ტევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა; ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და წყალი ვერაფერს აკლებს.
საღამოს ცხრა საათისათვის ვეწვიეთ ბოჯომის ულამაზეს პარკს დავისვენეთ, გავერთეთ და ღამის გასათევად ვეწვიეთ ბატონ გურამ ლომიძის ოჯახს. მასპინძლობა გაგვიწია ქალბატონმა გალინამ, კარგად მოგვასვენა და დილით გამოვემგზავრეთ. რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, გამომგზავრება მოგვიხდა ჭიათურა-საჩხერის გავლით, ეს კი ერთგვარად ახალი ულამაზესი მარშრუტი იყო ჩვენი მოგზაურობისა...