სკოლის ისტორია

. ფოთის 4 საჯარო სკოლის ისტორია მე–20 საუკუნის 30–იანი წლებიდან იწყებაწლების მანძილზე სკოლა რუსულენოვანი იყო. შემდგომ, 1995 წელს მასში ქართული სექტორიც გაიხსნა. ამჟამად სკოლაში სწავლება ორივე ენაზე მიმდინარეობს.
სკოლამ რამდენჯერმე გამოიცვალა ადგილმდებარეობა. თავდაპირველად მან პლეხანოვის ქუჩაზე, პატარა შენობაში, დაიდო ბინა. დირექტორი ამ დროს ნესტორ ოდიშარია ყოფილა. მალე სკოლა ლენინის ქუჩაზე ლამაზ ორსართულიან შენობაში გადავიდა. ამ დროისათვის დირექტორები იყვნენ ჯერნანა კვარაცხელია, ხოლო შემდგომ ალექსანდრა აბდუშელიშვილი.
1941–1942 წლებში, ომის გამო, სკოლა დროებით ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობაში გადავიდა. მის შენობაში კი სამხედრო ჰოსპიტალი განთავსდა. სკოლის მოსწავლეები ჰოსპიტალის ხშირი სტუმრები იყვნენ. ისინი მართავდნენ კონცერტებს, დაჭრილ მეომრებს ეხმარებოდნენ წერილების წაკითხვასა და პასუხის გაცემაში...
1973 წელს მეოთხე სკოლის ბაზაზე გაერთიანდა 4 და 10 რუსული სკოლები, სკოლის დირექტორი გახდა გიორგი დელიანოვი.
ფოთის საშუალო სკოლა წლების მანძილზე გამორჩეულ სკოლად ითვლებოდა ქალაქში. მისი მოსწავლეებიდა კურსდამთავრებულები წარმატებებს აღწევდნენ რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო კონკურსებში, სპორტულ შეჯიბრებებში. წარმატებების საფუძველი პედაგოგების დაუღალავი შრომა და საქმის სიყვარული იყო. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთაგან ბევრმა გამოიჩინა თავი საზოგადოებრივ თუ სამეცნიერო სარბიელზე. სკოლის სიამაყე იყო ოლიმპიური ჩემპიონი ნიჩბოსნობაშივიქტორ კრატასიუკი.
1987 წელს სკოლა დემეტრე თავდადებულის 13–ში მდებარე ახალ ოთხსართულიან შენობაში გადავიდა. 1995 წელს 4 რუსულ საშუალო სკოლას შეუერთდა 12 ქართული საშუალო სკოლა, რის შემდეგაც დღემდე სწავლება ორ ენაზე მიმდინარეობს. გაერთიანების შემდეგ რუსულ სექტორში ამაღლდა ქართული ენის ცოდნის დონე, ხოლო ქართული სექტორის მოსწავლეები უკეთ საუბრობენ რუსულად.
     ისტორია გრძელდება... იმედია, მომავალი თაობები მრავალ სასახელო ფურცელს ჩაწერენ ჩვენი სკოლის მატიანეში.             
            იხ. ფოტოარქივი>>