დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების კვირეული
ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების კვირეულს( 19 –24აპრილი) მიეძღვნა სასკოლო პროექტი, რომელიც განახორციელა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგმა მარინა მიმინოშვილმა.
დაცული ტერიტორიების ძირითადი ფუნქციაა ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა. მაგრამ, მათ სხვა მრავალი ფუნქციაც აკისრიათ– მოსახლეობისათვის სუფთა წყლის და ჰაერის მიწოდება, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, განათლება, მეცნიერების განვითარება, ქვეყნის პოპულარიზება საერთაშორისო დონეზე.
საქართველოს ბუნებრივი ტერიტორიების დაცვის ისტორია საუკუნეების წინ იწყება. ჯერ კიდევ XII  საუკუნეში თამარ მეფემ გამოსცა სამეფო ბრძანება  ზოგიერთი ტერიტორიის დასაცავად. ხუთასი წლის შემდეგ ვახტანგ VI–ის „კანონთა კრებული“ მოიხსენიებს ყორუღის ტერიტორიას, როგორც დაცვის ობიექტს– იქ აკრძალური  იყო ხეების მოჭრა და სეირნობა, ტერიტორიას კი მცველები იცავდნენ. მთიან რეგიონებში არსებობდა ეგრეთ წოდებული „ხატის ტყეები“, რომლებიც მკაცრ დაცვას ექვემდებარებოდა და ტიპიურ ნაკრძალებს წარმოადგენდა. პირველი ოფიციალური ნაკრძალი 1912წელს კახეთში შეიქმნა და მას ლაგოდეხის ნაკრძალი ეწოდა.
პროექტის მიზანია  მოსწავლე ახალგაზრდობის მოზიდვა და მათი ჩართვა გარემოს დაცვითი პრობლემების მოგვარებაში, მათი ეკოლოგიური  თვითშეგნების  ამაღლება,  აღჭურვა გარემოსდაცვითი უნარ–ჩვევებით და მდგრადი გარემოსდაცვითი დამოკიდებულებებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსწავლეების ისეთ პიროვნებებად ჩამოყალიბებას, რომელთაც  ექნებათ  შესაბამისი  ცოდნა საკუთარ საარსებო გარემოს შესახებ, სწორად შეფასების უნარი და გარემოსთან ურთიერთობის  უნარ–ჩვევები.
სასკოლო პროექტის ფარგლებში  საბაზო საფეხურის VIII და IX კლასის ქართული და რუსულენოვანი ჯგუფის  ოცდაათი მოსწავლე (კლასის დამრიგებლები  ირინა ხურცილავა, ელენე კარანაძე, თეონა თეზელაშვილი, მარინა მიმინოშვილი) 25 ააპრილს სტუმრობდნენ კოლხეთის ეროვნულ პარკს.
კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხათუნა ქაცარავამ და მეცნიერთანამშრომელმა მანანა ჩიქოვანმა მოსწავლეთათვის მოამზადეს სემინარი დაცული ტერიტორიების შესახებ, აჩვენეს  ვიდეომასალა და დაათვალიერებინეს მუზეუმი.
სემინარი დასრულდა დასუფთავების აქციით პარკის ტერიტორიაზე.
პროექტი განხორციელდა სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით  და დირექტორის  გივი ხომერიკის უშუალო მონაწილეობით.