სვანეთი

23 ივნისს დილით  6 საათზე შევიკრიბეთ საკათედრო ტაძართან და გეზი ავიღეთ სვანეთისაკენ!

სვანეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისადა ცხენისწყლის ზემოწელს.
       ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსიXI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
      ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).
      თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.
      მესტია (ყოფილი სეტი), დაბამესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
 მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ,
      მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული საცხოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.
       ჩვენი ჯგუფი ვესტუმრეთ მარგიანების  საგვარეულო კოშკს, სადაც  ნანახმა და მოსმენილმა უფრო მეტად აღგვიძრა სურვილი გავცნობოდით ამ კუთხის  ისტორიულ სიძველეებს.
        მესტიიდან გეზი ავიღეთ უშგულისაკენ.
        ულამაზესი მთის ხეობა, თვალუწვდომელი მწვერვალებით თეთნულდი, უშბა, შხარა... გზად ლატალში შევჩერდით, წმინდა სალოცავში ავედით....    გზის სირთულის გამო ცოტა ხნით შევჩერდით   კალაში ... ვჩქარობდით უშგულში დროულად ასვლას, თან ამინდიც იცვლებოდა... და აი გამოჩნდა შხარა...  ულამაზესი სვანური კოშკები.... უშგული...  ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე...
        მასპინძლობა გაგვიწია მერაბ რატიანის ოჯახმა, თავის საოჯახო  სასტუმროში...
უშგულის ეტიმოლოგიას ”უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა. უშგულის თემი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ხშირია ტიპური სვანური თავდაცვითი კოშკები. მათი რაოდენობა ამჟამად 30-მდეა.
 ღამის წვიმის მიუხედავად  დილით ადრე მთების მწვერვალებიდან  კაშკაშა  მზე ამობრწყინდა... ჩვენც არაჩვეულებრივი განწყობით განვაგრძეთ სალოცავების მონახულება... მოსწავლეთა ერთი ჯგუფი შხარას თოვლიან ფერდობსაც მიუახლოვდა... დავეშვით უშგულიდან და შევჩერდით კალაში ... ავედით წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტეს ეკლესიაში, რომელიც 1500 მეტრშია გზიდან და სულ ციცაბო ფერდზეა აგებული... „ლაგურკა“ - ასე უწოდებენ სვანები წმინდა კვირიკეს და ივლიტეს სახელობის ეკლესიას. როგორც ცნობილია, მათი წამების დღე ქრისტიანული კალნედრით 28 ივლისია. ტაძარში წმინდა კვირიკეს XI-XII საუკუნეების რამდენიმე ძვრიფასი ხატი და შალიანის მინანქრიანი ხატია დაცული, რომელშიც ჯვარისცხოველის ნაწილია ჩატანებული. ტაძარი დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ არის მოხატული.
განვაგრძეთ გზა მესტიისაკენ... შევისვენეთ ცენტრში...ვისადილეთ... დავაგემოვნეთ სვანური კუბდარი... ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი სტუმრობდა საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს...    უფრო მეტად ასაკოვან ადამიანთა ჯგუფები.
      გზად  შევჩერდით    ენგურჰესისის  ჰიდროელექტროსადგურთან ჯვარში — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. აშენდა მდინარე ენგურზე 1961 წელს. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.
       ეს იყო  მოგზაურობის ორი ულამაზესი დღე თითოეული ჩვენთაგანისათვის, რისთვისაც უღრმესი მადლობა სკოლის  დირექტორს ბ-ნ გივი ხომერიკს, კლასის დამრიგებელს ქ-ნ მარინა მიმინოშვილს და ჩვენს ძვირფას მშობლებს.