“რეგიონალური მოძრაობა ბავშვთა მონაწილეობისათვის” პროექტის ბენეფიციარი – მარიამ ჯოლოგუა პროექტის შესახებ გვესაუბრება
MARCH 15, 2012
“პროექტი – “რეგიონალური მოძრაობა ბავშვთა მონაწილეობისათვის” – პირველი პროექტია, რომელიც ქ. ფოთის #4 საჯარო სკოლაში ხორციელდება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მისი ავტორია “გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო საქართველო” და მას საქართველოში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” ახორციელებს. პროექტი ხორციელდება ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთში.
როცა ამ პროექტის შესახებ გავიგე, დავინტერესდი და მასში ჩართვა მოვინდომე. პირველივე ტრენინგის შემდეგ გადავწყვიტე პროექტში აქტიური მონაწილეობა მიმეღო. რამდენიმე ტრენინგის განმავლობაში ვსაუბრობდით იმ ძირითად პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი საერთო სატკივარი იყო. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად შეგვეძლო ამ პრობლემების სრულად თუ არა, ნაწილობრივ აღმოფხვრა. საბოლოოდ ჩვენი არჩევანი “მზრუნველობა მოკლებულ” ბავშვებზე შეჩერდა. ყველანი მივხვდით, თუ რამდენად გვტკიოდა თითოეულ ჩვენთაგანს ის რეალობა, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ არსებობდა. იმ დღიდან თითქოს ჩვენში რაღაც შეიცვალა, თითქოს გავიზარდეთ და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაგვეჭრა ეს პრობლემა.
ბევრი ფიქრისა და წინააღმდეგობების შემდეგ გავიგეთ, რომ ქალაქ ფოთში საბჭოს ქუჩაზე არის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც 11 აღსაზრდელი ცხოვრობს. იმ დღიდან ჩვენივე სახსრებით შევეცადეთ შეგვეგროვებინა ტანსაცმელი და სხვა ნივთები. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაგველამაზებინა ერთი ჩვეულებრივი დღე ბავშვებისთვის. თანდათან ახლოვდებოდა დღე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დატოვებდა კვალს; დღე, რომელიც უფრო მეტს შემძენდა; დღე, რომელიც ჩემში აღძრავდა სურვილს უფრო და უფრო მეტი გამეკეთებინა იმისთვის, რომ საქართველოში და არა მარტო საქართველოში სიტყვა “მზრუნველობა მოკლებული” ნაკლებად გამოსაყენებელი იყოს.
ბავშვებთან შეხვედრა მეტისმეტად ემოციური აღმოჩნდა. მათთან შეხვედრის და საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ყველანი ერთნი ვართ, ყველანი ერთ სამყაროში ვცხოვრობთ და ერთნაირად აღვიქვავთ რეალობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ პროექტმა შემძინა, არის ადამიანებთან ურთიერთობა, მათ გვერდში დგომა და “წაქცეულისთვის” ხელის გაწოდება. არასოდეს დამავიწყდება იმ დღით გამოწვეული ემოციები და განცდები.
პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე #4 საჯარო სკოლის დირექტორს – ბატონ გივი ხომერიკს გავსაუბრებოდი, რათა მისი პოზიციიდან შემეფასებინა თუ რამდენად სასარგებლო და მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები ბავშვებისთვის.”
1. ბ-ნო გივი როგორ ფიქრობთ რამდენად სასარგებლოა სკოლისთვის მსგავსი პროექტები?
გივი ხომერიკი: ”რა თქმა უნდა ყველა პროექტი, რომელიც სასწავლო პროცესს არ ეწინააღმდეგება, სასარგებლოა. ბავშვები სწავლობენ გუნდურ მუშაობას და პრობლემების გადაჭრას, რაც ჩვენი მხრიდან მისასალმებელია.”
2. ამ პროექტის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ და როგორ შეაფასებდით მას?
გივი ხომერიკი: “ამ პროექტის შესახებ დაწვრილებით ვფლობ ინფორმაციას, გავეცანი ბავშვების მიერ შესრულებულ დავალებებს და მათ დადებითად შევაფასებ.”
”ამა წლის 9-10 თებერვალს ქ. თბილისში ვიმყოფებოდი კონფერენციაზე, სადაც განიხილებოდა ბავშვების მიერ შერჩეული 12 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. ამ 12 პრობლემიდან ერთ-ერთი პრობლემა – “წამალდამოკიდებულება” – მე წარმოვადგინე. თბილისის კონფერენციის ფარგლებში გავიცანი უამრავი ბავშვი. მათთან გუნდურმა მუშაობამ საშუალება მომცა უფრო ახლოს გამეცნო და გამეგო მათი შესაძლებლობები, დამენახა ისინი სხვა კუთხით. თითოეულ ჯგუფს ჰქონდა დავალება შეემუშავებინა რეკომენდაციები იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელზეც ისინი მუშაობდნენ. ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი გადასახედიდან მარტივად გასაგები და შესასრულებელი იქნებოდა. მნიშვნელოვანი რაც ამ პროექტის შესახებ მინდა ვთქვა არის ის, რომ პროექტმა საშუალება მოგვცა თავისუფლად გამოგვეხატა ჩვენი აზრი, ჩვენი სატკივარი, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც ჩვენ გვაწუხებდა. ეს პროექტი მართლაც ამართლებს თავის დევიზს და პრინციპს: “ბავშვი ბავშვისთვის”. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, ორგანიზაციას “გადავარჩინოთ ბავშვები საერთაშორისო საქართველო” და საქართველოში ამ პროექტის განმახორციელებელს – საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ “აფხაზეთს” იმისათვის, რომ შესაძლებლობა მოგვეცა გამოგვეხატა ჩვენი აზრი და შეხედულებები და დაგვემტკიცებინა, რომ “მომავალი ჩვენს ხელშია”.”
მარიამ ჯოლოგუა, 15 წლის
X კლასი, ქ. ფოთის #4 საჯარო სკოლა