რაბათი - მოგზაურობა ისტორიულ წარსულში...


                 მასწავლებლის  საერთაშორისო დღეს  მიუძღვნა მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა ექსკურსია ისტორიულ სამცხე-ჯავახეთში და ესტუმრნენ ახლად აღდგენილ რაბათის  ციხეს.
                 ძველი სამცხის მთავარი ქალაქი და სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია, დღეს კი რაიონის ცენტრი ახალციხე – მდინარე ფოცხოვის ნაპირზე მდებარეობს, ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით.
                  IX საუკუნეში იწყება ქალაქ ახალციხის ისტორია. თუმცა ეს ქალაქი იმდროინდელი ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიება, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, – მას სხვა სახელი – ლომსია უნდა რქმოდა. „მატიანე ქართლისაის“ ცნობით კი, ქალაქი IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია.
                ქალაქს მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქაა ქალაქის ძველი ნაწილი, ე. წ. რაბათი და დიდი ციხე-სიმაგრე, რომელშიაც წინათ ახალციხის მფლობელთა სასახლე იყო.
                მდინარე ფოცხოვის სანაპიროზე გაშენებული ახალციხის ციხე მე-9-მე-11 საუკუნეების ძეგლებიდან ერთ-ერთი პირველია. ისტორიკოსების აზრით, ციხის მშენებლობა კლდოვან მასივზე ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, სტრატეგიულ-პოლიტიკური დანიშნულებითაც იყო ნაკარნახევი. ციხე, სამცხის გზაჯვარედინზე მდებარეობს. აქედან გზები აჭარა-შავშეთისაკენ, იმერეთისა და ქართლისაკენ მიემართება. ახალქალაქის გავლით კი – ყარსსა და არტაანს უკავშირდებოდა. 
                 ქალაქის ძველ ნაწილში შემორჩენილია ციხე , სასახლე, მეჩეთი, სინაგოგა . ახალციხეშია ჯაყელების ციხე-სიმაგრე (XIII-XIV სს.), წმ. მარინეს ეკლესია, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი. ახალციხეში არის ახალციხის ეპარქიის კათედრა.